info@urologycenter.ge Call Us: 2 77-00-67, 568-12-36-36
ნეფროლოგია წარმოადგენს მედიცინის დარგს, რომელიც თირკმლის დაავადებებს შეეხება. თირკმლებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ ადამიანისთვის და წარმოადგენენ სისხლძარღვების და მილაკების რთულ ქსელს, რომლებიც სისხლს ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი წყლისაგან ფილტრავენ. ისინი არეგულირებენ სითხის, ელექტროლიტებისა და მჟავა-ტუტოვან ბალანსს ორგანიზმში.
ნეფროლოგია შეისწავლის თირკმლების ნორმალურ მუშაობას, ასევე მათ ავადმყოფობას.
უროლოგიის ეროვნულ ცენტრში წარმოებს ნეფროლოგიური დაავადებების სრული სპექტრის მართვა – დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩათვლით, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში. ჩვენს კლინიკაში ტარდება ინსტრუმენტული (ექოსკოპია, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია), ლაბორატორიული (სისხლისა და შარდის ანალიზები) და ინვაზიური (თირკმლის ბიოფსია – რომელსაც მრავალი ნეფროლოგიური დაავადების მართვაში გადამწყვეტი როლი აკისრია) გამოკვლევები. ნეფროლოგიურ განყოფილებაში ფუნქციობს ოთხი პალატა სტაციონარული პაციენტებისთვის, ხოლო ამბულატორიული კონსულტაცია შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში.
თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია
გარკვეულ შემთხვევებში თირკმლების ფუნქცია იმდენად ქვეითდება, რომ ისინი პრაქტიკულად წყვეტენ მუშაობას. ეს შეიძლება იყოს დროებითი (თირკმლის მწვავე უკმარისობა) ან შეუქცევადი ხასიათის (თირკმლის ტერმინალური უკმარისობა). ასეთ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ხდება ე.წ. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია - დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა.
ნეფროლოგიურ დაავადებებს მიეკუთვნება:
არსებობს დიალიზის ორი ფორმა - ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი. ჰემოდიალიზის შემთხვევაში ხდება სისხლიდან ნარჩენი ნივთიერებების და წყლის მოცილება „ხელოვნური თირკმლის“ მეშვეობით. ამისათვის პაციენტს პირველ რიგში ესაჭიროება „სისხლძარღვოვანი მიდგომის“ შექმნა - ისეთი ადგილის, საიდანაც მოხერხდება ორგანიზმიდან სისხლის მაღალი სიჩქარით გამოღება და ხელოვნურ თირკმელში გასაწმენდად გადადენა. არსებობს სისხლძარღვოვანი მიდგომის სხვადასხვა ფორმები - ე.წ. მუდმივი (არტერიო-ვენური ფისტულა, პროთეზი, გრძელვადიანი კათეტერი) და დროებითი (მოკლევადიანი სადიალიზო კათეტერი). სისხლძარღვოვანი მიდგომის შესაქმნელად საჭიროა ქირურგიული ჩარევა. ბოლო წლის განმავლობაში უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა არტერიო-ვენური ფისტულის ფორმირების ... ოპერაცია, ... გრძელვადიანი და ... მოკლევადიანი სადიალიზო კათეტერის ჩადგმა.
ჰემოდიალიზი ჩვეულებრივ კვირაში სამჯერ ტარდება და ყოველი სეანსის ხანგრძლივობა 4 საათია. ამ დროს სისხლი გაივლის ხელოვნურ თირკმელში, თავისუფლდება ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი წყლისაგან და ორგანიზმს უბრუნდება. აღნიშნული პროცედურა საავადმყოფოში ტარდება და მკურნალობა მრავალ პაციენტს ერთდროულად უტარდება. უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ჰემოდიალიზით მკურნალობა ერთდროულად 28 პაციენტს, ხოლო სულ 168 პაციენტს უტარდება. დიალიზზე დამოკიდებული პაციენტების და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდიდან გამომდინარე იზრდება მოთხოვნა სადიალიზო ადგილებზე, რის გამოც ჩვენს დაწესებულებაში უახლოეს მომავალში 10 ახალი სადიალიზო ადგილი შეიქმნება, რაც შესაძლებელს გახდის დამატებით 60 პაციენტის მომსახურებას.
დიალიზის მეორე ფორმაა პერიტონეული დიალიზი. ამ შემთხვევაში ფილტრის როლს მუცლის ფარი - ე.წ. პერიტონეუმი - ასრულებს. ქირურგი მუცელში რბილ მილს დგამს, რომლის საშუალებითაც შემდგომ სადიალიზო სითხის შეშვება მოხდება. სისხლში არსებული ნარჩენი პროდუქტები და ჭარბი წყალი პერიტონეუმის გავლით აღნიშნულ სადიალიზო სითხეში გადადის. შემდგომ ხდება „დაბინძურებული“ სითხის გამოშვება მუცლიდან და ახალი სადიალიზო სითხის შეყვანა.
პერიტონეული დიალიზის ორი ძირითადი ტიპია უწყვეტი ამბულატორიული პერიტონეული დიალიზი და უწყვეტი ციკლური პერიტონეული დიალიზი. პირველ შემთხვევაში პაციენტი თავად (ან ახლობლის დახმარებით) ცვლის მუცელში სადიალიზო სითხეს 4-5-ჯერ დღეში. ეს პროცედურა 30-45 წუთი გრძელდება და სრულიად უმტკივნეულოა. პროცედურებს შორის პაციენტს შეუძლია ჩვეულებრივ გადაადგილება და ყოველდღიური მოქმედებების შესრულება.
ციკლური პერიტონეული დიალიზის შემთხვევაში მუცელში სითხის შეყვანა და გამოყვანა სპეციალური აპარატით ხდება. აღნიშნული პროცედურა როგორც წესი, ღამით, ძილის დროს ტარდება და დღის განმავლობაში პაციენტს შეუძლია ჩვეული ყოველდღიური მოქმედებები შეასრულოს.
პერიტონეულ დიალიზს ჰემოდიალიზთან შედარებით ზოგიერთი პაციენტთისთვის გარკვეული უპირატესობები აქვს. პაციენტს არ უწევს კვირაში სამჯერ კლინიკაში სიარული და შეუძლია თავად მოემსახუროს საკუთარ თავს, მეტი დრო რჩება მუშაობისა და მოგზაურობისთვის. გარდა ამისა, ორგანიზმში არ გროვდება პროცედურიდან პროცედურამდე სითხე, რაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვას.
მეორეს მხრივ, პერიტონეულ დიალიზს გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს - ის არ არის ყველა პაციენტისთვის შესაფერისი მეთოდი, არსებობს მუცლის ღრუში ინფექციის შეჭრის რისკი და სხვ. გადაწყვეტილება დიალიზის ოპტიმალური მეთოდის შერჩევის შესახებ ექიმისა და პაციენტის და მისი ოჯახის წევრების მიერ ერთდროულად უნდა მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
უროლოგიის ეროვნულ ცენტრში პერიტონეულ დიალიზზე ამჟამად .. პაციენტი იმყოფება. ბოლო წლის განმავლობაში ჩატარდა პერიტონეული კათეტერის იმპლანტაციის (ჩადგმის) ... და ექსპლანტაციის (ამოღების) ... ოპერაცია.
გარკვეულ შემთხვევებში თირკმლების ფუნქცია იმდენად ქვეითდება, რომ ისინი პრაქტიკულად წყვეტენ მუშაობას. ეს შეიძლება იყოს დროებითი (თირკმლის მწვავე უკმარისობა) ან შეუქცევადი ხასიათის (თირკმლის ტერმინალური უკმარისობა). ასეთ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ხდება ე.წ. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია - დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა.